logo
ENG



ღარიბაშვილი: საჯაროდ ვაფიქსირებ მადლიერებას პრეზიდენტ მიშელის მიმართ

30 ივლ 202111:40
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების გადაწყვეტილების შემდეგ, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, ამავე დოკუმენტის ინიციატორს, შარლ მიშელს უხდის მადლობას. ამასთან, იგი ისევ ნაციონალურ მოძრაობას სდებს ბრალს შეთანხმების დაიგნორებაში და ამბობს, რომ ქართული ოცნება "ცალმხრივად" ასრულება შეთანხმებას. 

"ჩვენ 100 დღის განმავლობაში ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს. საჯაროდ ვაფიქსირებ მადლიერებას პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დასამშვიდებლად. მადლობას ვუხდით ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

ამის მიუხედავად, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა ნაცმოძრაობამ [მიხეილ] სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინცაა დღეს, ესაა ნაციონალური მოძრაობა. სხვა პარტიების საერთო ჯამი არჩევნებში შეადგენს 10%-ზე მეტს. ჩვენთვის მთავარი იყო ნაცმოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს", - თქვა მან. 

28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს, 29 ივლისს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, რომელშიც წერია, რომ "აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია". მათი შეფასებით, "ოცნების" გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის მხრიდან დემოკრატიული მისწრაფებების ერთგულებაზე.

მმართველ გუნდს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენარებმა: მარინა კალიურანდიმ, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა. წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან.

ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა

სადეპუტატო მანდატი დატოვა ასევე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ აპირებს, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. მისივე თქმითნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.


close დახურვა