logo
ENG



შაქარაშვილის გარემოცვიდან ყველა მოწმე იტყუება - გიორგი გელხაური

06 ივლ 202021:59
3 წუთის საკითხავი
clock 576

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მოწმეები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის გარემოცვიდან არიან, გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევენ.

როგორც მან სოფო ზურაბიანის გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ამის მიზეზი ის არის, რომ საქმის გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად არ მიმდინარეობს.

„მე ვამბობ ერთ რამეს, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომლებიც არიან შაქარაშვილის გარემოცვიდან, მათ შორის მისი მეგობრები, ის გოგონები, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, ყველა იტყუება, ყველა აძლევს გამოძიებას ცრუ ჩვენებებს. ეს ხდება იმიტომ, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ და ობიექტურად.  გამოძიებას იცით რა უნდა? წინასწარვე ეს მიმართულება აირჩიეს, რომ უნდა დაისაჯონ „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომობილში მყოფი მგზავრები და იმის იქით არავინ. ასე არ შეიძლება. გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. არ შეიძლება რამის გამორიცხვა წინასწარ მით უმეტეს, როცა ცხელ კვალზეც არ დაიწყეს გამოძიება. ბრეგვაძეს [ფოტოგრაფს] რომ ეთქვა პოლიციელებისთვის, რომ იმ აგარაკზე დაიწყო კონფლიქტი და იქ კიდევ გაგრძელდა და იქ მისი მეგობრები არიან, დღეს გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა იქ“, - განაცხადა ადვოკატმა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა