logo
ENG



სტუდენტები ხვალ, 11:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტისკენ დაიძვრებიან

13 მაი 202422:34
3 წუთის საკითხავი
 
სტუდენტები ხვალ, 11:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტისკენ დაიძვრებიან
ფორმულა/ლანა მრავლაძე

სტუდენტები ხვალ პლენარული სხდომის დაწყებამდე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ, პარლამენტთან მსვლელობით მივლენ. გაფიცული სტუდენტები შეკრებას ფილარმონიასთან, 11:00 საათზე გეგმავენ. 

მანამდე, სტუდენტები თავიანთ უნივერსიტეტებთან შეკრებას 10:00 საათზე აპირებენ. 

***

14 მაისს პარლამენტი რუსული კანონის დამტკიცებას აპირებს.

დღეს, კანონი მესამე მოსმენით მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კომიტეტი სულ 1 წუთს გაგრძელდა.

მიუხედავად  ფართომასშტაბიანი პროტესტის, საერთაშორისო მოწოდებების, დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მითითებებისა, რომ კანონი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას რისკის ქვეშ აყენებს, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონს უკან არ გაიწვევენ.

***

საქართველოს მასშტაბით სტუდენტური გაფიცვა დაიწყო - რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გამოვივიდნენ. გაფიცვის და პროტესტის დაწყების შესახებ პირველი განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11 მაისს გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ორშაბათიდან [13 მაისი] უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. ამასთან, თსუ-ის სტუდენტებმა მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ამავე დღეს, განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც ისინი თსუ-ის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და გაფიცვაში უერთდებოდნენ.

სტუდენტურ გაფიცვას 12 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იქამდე იქნებიან გაფიცულები, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც 12 მაისს შეუერთდნენ. "ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე!, - ამბობენ თსსუ-ის სტუდენტები. 

გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ - 12 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ამბობენ, რომ "სტუდენტების მასობრივი პროტესტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მიმდინარე პროცესებში". 

გარდა ამისა, გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარი თქვეს. 

განცხადება გაფიცვის შესახებ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა. მათი თქმით, სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.

13 მაისს, გაფიცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ.

გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. მათ განცხადებაში წერია, რომ "უერთდებიან ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ტოვებენ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. "გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევს". 

გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ. 

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. 

გაფიცვას შეუერთდნენ ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების, რომლებმაც საპროტესტო აქციას მოაწყეს. 

 


close დახურვა