logo
ENG



"აშშ-ში ახალისებენ ოპონენტების მიმართ სიძულვილს" - ზახაროვას განცხადება კობახიძისას ჰგავს

14 ივლ 202414:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/2oipwn8i6rbomjr.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას ეხმაურება - მისი რიტორიკა ქართული ოცნების მსგავსია.

კერძოდ, ზახაროვას პოსტი ძალიან ჰგავს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ქართულენოვან განცხადებას, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. კობახიძემ დაწერა, რომ "სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს". 

"ზუსტად 2 თვის წინ გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, ახალისებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას, ასევე მაგალითად მოვიყვანე პრეზიდენტებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობების ამერიკული ტრადიცია", - წერს ზახაროვა Telegram-ზე.

***

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას ორჯერ გამოეხუამრა. პოსტში, რომელიც Facebook-ზე, ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, კობახიძე ტრამპზე თავდასხმას "გლობალური ომის პარტიის არსებობას" უკავშირებს. მანამდე მომხდარს კობახიძე X-ზე გამოეხმაურა - ინგლისურენოვან განცხადებაში "გლობალური ომის პარტია" ნახსენები არ არის.

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს. 

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.


close დახურვა