პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ელჩების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 8 მარტის შეთანხმებებთან დაკავშირებით გავრცელდა.
როგორც მდინარაძე აცხადებს, ელჩების მიერ გამოქვეყნებული განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და 8 მარტის შეთანხმებაში საუბარი არ არის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მისი თქმით შეთანხმების თანახმად, ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულებაში ჩარევა არ უნდა ხდებოდეს.
„ახლახანს გავრცელდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ელჩების განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ იმ შინაარს და სულისკვეთებას რაც არის მითითებული დოკუმენტში, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც მოეწერა ხელი და არა იმ ინტერპრეტირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან წინა პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. შინაარსზე და სულისკვეთებაზე არის მითითება, ჩვენ ვამბობდით, რომ შეთანხმება შედგა იმაზე რაც წერია მეორე დოკუმენტში და არა იმაზე რასაც ყვებოდნენ და ატყუებდნენ საზოგადოებას ჩვენი ოპონენტები.
ეს ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას ნაცმოძრაობა და მთელი მისი კლასტერი და შეთანხმება შეეხებოდა აბსოლუტრად სხვას, არ ჩარევას მართლმსაჯულებაში და ამაზეა მინიშნება დღეს ელჩების განცხადებაშიც“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების ორ პუნქტს მოეწერა ხელი. ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითვალისწინებდა, მეორე კი- სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას.
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.