„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღებულ შეთანხმებაზე ისაუბრა. როგორც ბურჯანაძემ გადაცემაში განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმების ორივე ნაწილს ეს ცუდი იქნება, როგორც ქვეყნისთვის ისე მმართველი გუნდისთვის. ბურჯანაძის თქმით, შეთანხმების არ შესრულების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ეკონომიკური კრიზისის დროს საერთაშორისო დახმარების საკითხი.
„მოულოდნელი აღარაფერი აღარ არის ამ ხელისუფლებისგან. არაერთგზის წაუღიათ თავისი სიტყვა უკან, არაერთგზის გაუკეთებიათ თავისი უცნაური ინტერპრეტაციები და 14 ნოემბრის შემდეგ, როდესაც არამარტო მოატყუეს მთელი საქართველო და მსოფლიო, შემდეგ ივანიშვილი კიდე გამოვიდა და თქვა ნოტარიულად ხომ არ მიმიცია, პირობაო, ამის შემდეგ გასაკვირი აღარაფერია, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საკუთარი ინტერესებიდანვე გამომდინარე კიდევ არ მოატყუებენ მთელი მსოფლიოს. იმიტომ რომ ძალიან ცუდი რამ მოხდება, ეს იქნება ცუდი არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, იმიტომ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია გადააგდოს და მოატყუოს საერთაშორისო თანამეგობრობა და კიდე ელჩებს უთხრას გამოდით და ტყუილი თქვითო, ამ ხელისუფლებასთან არავინ აღარ გააგრძელებს ურთიერთობას.
ჯერ ისედაც არ ვართ დარწმუნებული რომ იმის ნახევარ თანხებს მისცემენ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რასაც ეხლა ხელისუფლება აცხადებს, მაგრამ დარწმუნებულიც რომ ვიყოთ მათი საერთაშორისო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და ამით ჩვენი ხალხი დაზარალდება. ამიტომ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, ადამიანი, რომელიც არ ვარ დაინტერესებული ამ ხელისუფლების ჩამოშლით იმიტომ რომ არ მინდა ქვეყანაში კრიზისულად განვითარდეს ვითარება და მინდა რომ მხოლოდ არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება. მოვუწოდებ ამ უგუნურ ხელისუფლებას რომ დროულად შეასრულონ ის ორპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ხელმოწერილი იყო, რომელიც ერთხელ უკვე დაადასტურა ევროკავშირის და ამერიკის საელჩომ და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და უთხრა ხელისუფლებას რომ არ დაუშვას ესეთი ფატალური შეცდომა თავისი თავისთვის პირველ რიგში.“,-აცხადებს ბურჯანაძე.
ასევე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თქმით, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებაზე საუბარი ნამდვილად იყო, როგორც ბურჯანაძე განმარტავს, მხარეები ტერმინზე - პოლიტპატიმრები ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა თანხმდებოდნენ, რომ პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებისთვის მათი გათავისუფლება აუცილებელი იყო.
„რა თქმა უნდა ხელისუფლების მხრიდან რთული იყო იქ რაიმეზე დათანხმება. ჩვენ ხო ვიცით ეს ადამიანები იქ არაფერს არ წყვეტენ, არც დაგვიშვია არცერთი წამი რომ ისინი ივანიშვილისგან დამოუკიდებლად იმოქმედებდნენ. დიახ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მექანიზმებზე საუბარი, რომ მაგალითად უგულავას შემთხვევაში უფრო ძნელი იქნება, იმიტომ რომ პროკურატურას ბერკეტები აღარ აქვს და შესაბამისად რჩება გზა პრეზიდენტის მიერ შეწყალების და ამიტომ აღმოჩნდა პრეზიდენტის ინსტრუმენტი ნახსენები მეორე დოკუმენტში. ხოლო რაც შეეხება ოქრუაშვილთან დაკავშირებით, იქ იყო ლაპარაკი რომ პროკურატურას აქვს გარკვეული მექანიზმები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული. მე ვადასტურებ იმას რომ სიტყვა პოლიტპატიმართან დაკავშირებით ჩვენ ვერ შევთანხმდით, იმიტომ რომ ხელისუფლება ამბობდა რომ ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, ჩვენ ვამბობდით რომ არიან, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ადამიანების განთავისუფლება აუცილებელია პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთის“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.
