თამარ ჩუგოშვილი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთხელ ჩაგდება მისი იმიჯისთვის დამღუპველი იქნება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავადაც ადასტურებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარს. მისი თქმით, ეს ეხებოდა პოლიტიკოსებსა და მედიამენეჯრებს, ასევე, მედიასაშუალებების მფლობელებს.
„8 მარტის შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას. მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების.
საერთო მიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელებულიყო არჩევნების შემდგომ.
შეთანხმების ტექსტი ამბობს: “ვთანხმდებით, რომ კონკრეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა იქნას აღქმული, როგორც ქართული მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირება და მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.” ამ ჩანაწერის შესაბამისად უკვე მოხდა ხაზარაძის, გვარამიას და სხვების საქმეების უვადოდ გადადება და გათავისუფლდა თამლიანი. შეთანხმების ბოლო წინადადებაში მოხსენიებულია პრეზიდენტი. ეს ჩანაწერი გულისხმობდა უგულავას შეწყალებას. ასევე, საერთო მოლოდინი იყო ოქრუაშვილის და რურუას საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებებით.
დღეს უკვე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა. ორივე მხარე ცდილობს ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს. მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.