logo
ENG



კაპანაძე რუსეთის განცხადებაზე: რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებში აშშ-ის როლის შემცირებას ცდილობს

16 ივლ 202011:37
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ის საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ეხმაურება.

როგორც კაპანაძე აცხადებს, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს და ჟენევის მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების როლის შემცირებას ცდილობს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეტევაზე გადმოვიდა. ახლა პირდაპირ ცდილობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების როლი შეამციროს. აქეთ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმ ინციდენტებზე, რომელიც ხდება ხოლმე საოკუპაციო ხაზთან, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე, მათ დაჭრაზე და ა.შ. ამ განცხადებიდან სწორედ ეს შთაბეჭდილება რჩება, რომ სრულიად უპასუხო იქნება მათი ეს პროვოკაციული განცხადება და მათი ეს შეტევა“,-აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების  დასრულებისკენ და კრემლთან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე ამახვილებს ყურადღებას და ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტზეც საუბრობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს. დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ზაზა გახელაძე დაჭრილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა