logo
ENG



ბრიტანეთმა ბელავიას ფრენები აკრძალა, უკრაინას კი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა სურს

24 მაი 202120:34
3 წუთის საკითხავი
clock 1945
2021/05/24/7fd7p7speobuui6.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მინსკში ჟურნალისტის დაკავების გამო მთავრობას ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება დაავალა. 

გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში, უკრაინიდან და უკრაინაში ფრენებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცე უნდა დაიხუროს. 

მსგავსი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმაც მიიღო. ბელარუსის ავიაკომპანია ბელავიას დიდ ბრიტანეთში ფრენები აეკრძალა. მინისტრმა გრანტ შაპსმა ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მანამდე ლიეტუვამ განაცხადა, რომ შეწყვეტს იმ რეისების მიღებასა და გაშვებას, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეში გადაადგილდებიან. 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კერძოდ, 23 მაისს, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად შეაფასა

მოგვიანებით ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მკაცრად გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, შეცვალოს კომერციული ფრენა და დააკავოს ჟურნალისტი". 

აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი. 

 


close დახურვა