logo
ENG



კრამერი: ქართულმა ოცნებამ დიდი შეცდომა დაუშვა, ეს ევროკავშირის შეურაცხყოფაა

29 ივლ 202121:18
3 წუთის საკითხავი
clock 1599
კრამერი: ქართულმა ოცნებამ დიდი შეცდომა დაუშვა, ეს ევროკავშირის შეურაცხყოფაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და აჩვენა, რომ ისინი ქვეყნის დემოკრატიაზე არ ზრუნავენ. 

როგორც კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი იყო ევროკავშირისთვის, რომელმაც შეთანხმების მისაღწევად დიდი ძალისხმევა გაიღო.

"მე ვფიქრობ, რომ უზარმაზარი შეცდომა იყო ეს ქართული ოცნების მხრიდან, თუმცა ეს არის მითითება იმისა, თუ რამდენად არ ზრუნავენ ისინი საქართველოს გზაზე დემოკრატიისაკენ. იგი ასახავს დამატებით შეცდომებს, რომელსაც ქართული ოცნება სჩადის, განსაკუთრებით პრემიერმინისტრი. ეს არის შეურაცხყოფა ევროკავშირისადმი, რომელმაც ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა ჩადო იმისთვის, რომ შეემუშავებინა კომპრომისი და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გაცილებით უფრო მკაცრი განცხადებით გამოვა, ვიდრე დღეს ვიხილეთ", - თქვა კრამერმა.

მანვე აღნიშნა, რომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრწყინვალე განცხადება გააკეთა აშშ-ის საელჩომ.

"ვფიქრობ, ბრწყინვალე იყო ამერიკის საელჩოს განცხადება და ზუსტად ჩაჯდა მიმდინარე პერიოდში. დამატებითი კრიზისი შექმნა ქართულმა ოცნებამ, რაც საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემაა", - თქვა დევიდ კრამერმა.

გუშინ, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს, 29 ივლისს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, რომელშიც წერია, რომ "აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია". მათი შეფასებით, "ოცნების" გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის მხრიდან დემოკრატიული მისწრაფებების ერთგულებაზე.

მმართველ გუნდს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენარებმა: მარინა კალიურანდიმ, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა. წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან.

ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა

სადეპუტატო მანდატი დატოვა ასევე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ აპირებს, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. მისივე თქმითნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.


close დახურვა