უკრაინის სახალხო დამცველი წამებად აფასებს იმას, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება.
ლუდმილა დენისოვას თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება მისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა.
გარდა ამისა, დენოსოვას განცხადებით, ის პირობები, რაშიც ექსპრეზიდენტს უწევს პატიმრობის გატარება, არღვევს წამების შესახებ ადამიანის უფლებების კონვენციას და ამის შესახებ ინფორმაციას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიაწვდის.
"მას წართმეული აქვს დასვენების და ღამით ძილის უფლება. იმიტომ, რომ როცა აქრობს შუქს და თიშავს ტელევიზორს, სხვა პატიმრები იწყებენ ხმაურს და გინებას. ეს ზეწოლაა. ის იძულებულია, ეძინოს განათებულ ოთახში და ხმამაღლა ჩართოს ტელევიზორი, რათა ეს ხმები აღარ ესმოდეს.
მას ასევე წართმეული აქვს სუფთა ჰაერის უფლება, ვინაიდან მაშინ, როცა ფანჯარას აღებს, მაშინვე იწყება ხმაური. ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ხდება სხვა პატიმრების მხრიდან, აღნიშნავს უკრაინის კონსულიც და საქართველოს სახალხო დამცველიც. ესეც არის უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის წამება". - ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი.
ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა, თუმცა, ის დღეს გლდანის მე-18 საავადმყოფოში მაინც მივიდა, რათა ციხის ადმინისტრაციასთან გასაუბრება სცადოს.
***
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, "პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, უარი ეთქვათ".
მისივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.
13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ორი ლიეტუველი დეპუტატი.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.
