logo
ENG



"არც ერთი კამერის ჩანაწერი არ უნდა დაიკარგოს" - მშვილდაძე გამოძიებას მიმართავს

30 ივნ 202314:43
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს 27 ივნისს მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ.

მშვილდაძე ჩანაწერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად არც ერთი კამერის ჩანაწერი არ უნდა დაიკარგოს. ის ამბობს, რომ კამერების ჩანაწერები საგამოძიებო ორგანოებს აქამდეც უნდა მოეძიათ, თუმცა მისი ინფორმაციით, პოლიციას ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღია.

მშვილდაძე მოუწოდებს ყველა ობიექტს და მოქალაქეს, რომ ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში მიმართონ მედიას და ასევე პოლიციას გადაუგზავნონ.

"ვიწყებთ ახლა მუშაობას, რომ დავასრულოთ დაზარალებულის პოზიცია - ასეთი დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნით გამოძიებას და რომლითაც მოვთხოვთ გამოძიებამ, ჩვენი ვერსიის, ჩვენი ხედვის გამოძიება ჩაატაროს და ამოიღოს ყველა მტკიცებულება, რომელიც ჩვენი ვერსიის გასამყარებლად ან გასაქარწყლებლად უნდა იქნას გამოყენებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი კამერის ჩანაწერი არ დაიკარგოს. გუშინ, ნათლად გამოჩნდა, რომ გამოიკვეთნენ საეჭვო პირები, რომ შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართულები ამ დანაშაულის დაგეგმვაში.

მოვუწოდებ გამოძიებას, რომ აღარ დაელოდნენ ჩვენი დაზარალებულის წერილის ოფიციალურად მიწოდებას და ახლავე პროაქტიულად დაიწყონ - თუკი სადმე რამე კამერებია გარშემო, ამოიღონ ჩანაწერები. ეს აქამდეც, ჩვენი მიმართვის გარეშე უნდა ჰქონოდათ უკვე გაკეთებული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არსად მისულები არ ყოფილან. იმედი მაქვს, რომ კარფურიდან კადრები მაინც ამოღებულია. ამაზეც ისეთი პასუხი მივიღე - ერთმა პოლიციელმა მითხრა, რომ "კი ამოღებულია", მეორემ რომ "განჩინებას ველოდებიო". მინდა მივმართო ყველას, მეგობრებო, არაფერია კანონსაწინააღმდეგო, რომ მიაწოდოთ კამერის ჩანაწერები ვინმეს - შესაბამისი ფორმით დაცული... მოქალაქეებმა, ყველაფერი ერთად და შეთანხმებულად გავაკეთოთ, რათა ამ საქმის ჩაფარცხვის, სიმართლის დამალვისა და დამნაშავეების დაუსჯელად დატოვების შესაძლებლობა არ მივცეთ არავის, ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამით", - თქვა მიშა მშვილდაძემ.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს"

ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

თავდასხმა მშვილდაძემ დეტალურად გადაცემაში პოლიტმეტრი გაიხსენა. 

ფორმულას მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე 4 ადამიანი, ცალცალკე მიდის იმ ტერიტორიისკენ სადაც თავდასხმა მოხდა. მათგან ორი კარფურისკენ აგრძელებს სვლას 2 კი იქვე, ბუჩქებთან ჩერდება. ამ 4 ადამიანიდან ერთ-ერთი ნიკოლოზ გუგეშაშვილია, რომელმაც მოგვიანებით Facebook-პოსტით აღიარა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა