ევროპარლამენტარმა და ლიბერალურ-დემოკრატიულმა ალიანსის (ALDE) პრეზიდენტმა ილჰან კიუჩუკმა დაგმო ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა და განაცხადა, რომ "ქართველები უკეთესს იმსახურებენ და არა ქართული ოცნების ავტოკრატიულ მმართველობას".
ამის შესახებ ილჰან კიუჩუკმა ტვიტერზე დაწერა.
"ვგმობ საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, მათ შორის ALDE-ს წევრი პარტიების წევრებზე თავდასხმების შესახებ ცნობებს. ქართველები იმსახურებენ უკეთესს და არა ქართული ოცნების ავტოკრატიულ მმართველობას" - აცხადებს ილჰან კიუჩუკი.
I condemn the reports of opposition politicians being attacked in Georgia inc members of ALDE member parties. Georgians deserve better and not the autocratic rule of Georgian Dream.
დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.
პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ - გავრცელებულ ვიდეო კადრების მიხედვით, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ
ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.
ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.
წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა, თავდასხმას რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლებდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდებოდა.