გამოცემა Reuters თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში პარასკევს შეხვდებიან და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების შესახებ ისაუბრებენ.
წყაროს ცნობით, თურქეთის მიზანია, პრობლემა დროულად გადაიჭრას. მისი თქმით, მხარეები სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობაზე ისაუბრებენ, ვინაიდან წარსულში ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მოგვარებაში თურქეთმა და რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
„ამ საკითხს პუტინთან ერთად განიხილავს. ვინაიდან, როლი, რომელიც რუსეთმა და თურქეთმა ამ ომის დასრულებაში ითამაშეს და შემდგომი ერთობლივი მუშაობა ნათელია. თურქეთმა დაიწყო მასთან კონტაქტი, რათა ორ ქვეყანას შორის პრობლემა დაიძლიოს. ეს მანამ უნდა დამთავრდეს, ვიდრე უფრო გამწვავდება“ - აცხადებს წყარო Reuters-თან.
გამოცემის ცნობით ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა უზბეკეთში დაგეგმილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად, პარასკევსაა დაგეგმილი.
რუსეთს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ე.წ მშვიდობისმყოფელები ჰყავს მობილიზებული. NATO-ს წევრი ქვეყანა თურქეთი კი აზერბაიჯანს უჭერს მხარს.
წყარომ თურქეთის ხელისუფლებიდან Reuters-ს უთხრა, რომ თურქეთი განაგრძობს აზერბაიჯანის მხარდაჭერას.
***
13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.
ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.
სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 14 სექტემბერს ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან შეტაკებების სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა.