logo
ENG



ადვოკატების თქმით, პოლიციამ აქციაზე დაკავებულებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

03 მარ 202317:12
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ფიზიკურ შეირაცხყოფაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, დავით ჩხობაძის ადვოკატი, ივანე ჩიტაშვილი აცხადებს, რომ პოლიციელებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას რამდენჯერმე დაარტყეს ხელი.

"არც დაკავების საფუძველი არ არსებობდა და მით უფრო მისი დაკავებაში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები. დაკავების დროს კისერში ჰქონდა წავლებული ხელი და ისე მიათრევდა პოლიციელი და თან რამდენჯერმე ხელის დარტყმაც იგრძნო და მას აგინებდა ის პოლიციელი. დილით სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციის მისაღებად მისული იყვნენ და ამ გარემოებაზეც ისაუბრეს"- აცხადებს ადვოკატი.

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ დაკავებულებს სურთ, თავად დააფიქსირონ სასამართლო პროცესზე, თუ როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად.

"არავითარი უფლება არ აქვს პოლიციელს, დაკავებისას სცემოს სამოქალაქო აქტივისტს და აგინოს სტუდენტებს და 15 საათი არ მოხსნას ბორკილები და დროებითი განთავსების იზოლატორში არ შეიყვანოს. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა"- ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, აქტივისტები.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა