ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ ბელარუსს სანქციებს ხელახლა დაუწესებს Ryanair-ის თვითმფრინავის უკანონოდ დასმისა და ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო.
აშშ 3 ივნისიდან განაახლებს სანქციებს 9 ბელორუსიული სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ. ბაიდენის ადმინისტრაცია კოორდინაციაშია ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან, რათა შეიმუშაონ ლუკაშენკოს რეჟიმის "ძირითადი წევრების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების სია", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ.
სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ ბაიდენის ახალ ბრძანებაზე, რომელიც გაზრდის მის უფლებამოსილებას ლუკაშენკოს რეჟიმის "ელემენტებზე" სანქციების დაწესების შესახებ.
თეთრ სახლში ინციდენტს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა უწოდეს განცხადებაში, რომელიც მოიცავდა სასჯელთა გრძელი ჩამონათვალს ბელორუსის და ლუკაშენკოს რეჟიმის ძირითადი წევრების წინააღმდეგ.
„მოვლენები განვითარდა ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან რეპრესიების მწვავე ტალღის ფონზე, ბელორუსის ხალხის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისკენ მისწრაფებების წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ამ ზომებს, რათა რეჟიმს დაეკისროს პასუხისმგებლობა თავისი ქმედებებისთვის და, ასევე, წარმოაჩინოს ჩვენი ერთგულება ბელორუსის ხალხის მისწრაფებების მიმართ", - ნათქვამია ჯენ პსაკის განცხადებაში.
რა საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა აქტივისტის დაკავებას?ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.
კერძოდ, 23 მაისს, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით შეაცვლევინეს.
თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.
ევროკავშირი პროტასევიჩის დაპატიმრების გამო ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს უჩერებს და იქამდე გაუყინავს, "სანამ ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე არ დაბრუნდება".
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად შეაფასა.
მოგვიანებით ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მკაცრად გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, შეცვალოს კომერციული ფრენა და დააკავოს ჟურნალისტი".
აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი.