ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ფორმულას საავადმყოფოში განუცხადეს.
"პაციენტი შემოყვანილი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. სასწრაფო დახმარების მანქანაშივე დამძიმდა მისი მდგომარეობდა,მ დაფიქსირდა გულის გაჩერება, ემერჯენში აღდგა გული და ღამის განმავლობაში, რამდენჯერმე დაფიქსირდა გულის გაჩერება აღდგენით, ძირითადი სინდრომი იყო ქრონიკული ზეწოლის სინდრომი, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა და პროხუზული სისხლდენა", - განაცხადა ექიმმა.
26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის 10:34 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან 1 ცოცხალი და 6 გარდაცვლილი. 6 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი. მანამდე, ნანგრევებში იპოვეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.
ასევე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო, რამდენიმე საათში კი ის გარდაიცვალა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.