logo
ENG



ბაიდენი პუტინს: მიუხედავად დიპლომატიისთვის მზაობისა, მზად ვართ სხვა სცენარისთვისაც

12 თებ 202222:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/12/430146xwimoz4u6.jpeg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბრისას ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა საპასუხო ზომებს მიიღებს.

ამასთან, ბაიდენმა საუბარისას განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის მზაობისა დიპლომატიური ურთიერთობები ავითაროს, დასავლეთი სხვა სცენარისთისაც თანაბრად მზად არის. 

"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შემდგომ შეჭრას განახორციელებს, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტად უპასუხებს და რუსეთს დაუყოვნებლივ გადაახდევინებს მძიმე ფასს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს მასობრივ ადამიანურ ტანჯვას და რუსეთის პოზიციებს დაასუსტებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან საუბრის დროს ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ამერიკა თანაბრად მზად არის სხვა სცენარისთვის", - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კრემლს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

მანამდე სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნ ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. საუბრის შემდეგ ბლინკენმ თქვა, რომ მან ლავროვს შესთავაზა უკრაინის საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტა და ხაზი გაუსვა, რომ დამატებით რუსულ აგრესიას მტკიცე ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება. 

***

11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ. 

აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდა.

გაერთიანებული სამეფო მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.

დღეს AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.

თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.

დღეს РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.

 

 


close დახურვა