გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატთა ნაწილი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. ერთ-ერთ არასრულწლოვნის უფლებადამცველი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ გამოძიება დაცვის უფლების განხორციელებაში ხელს უშლის.
„მიგვაჩნია, რომ ყველანაირად ხელს გვიშლის როგორც გამოძიება, ასევე მართლმსაჯულება, რომ ნაკლებად შევძლოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი დაცვის უფლების განხორციელება, იმ პირების მიმართ, ვისაც ვიცავთ. როგორც მოგეხსენებათ ასეთივე ფორსმაჟორში მოხდა მტკიცებულებების გადმოცემა. შუაღამეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მტკიცებულებებს გადმოგვცემდნენ და დილის ათის ნახევარზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი“, - განაცხადა გელხაურმა.
ადვოკატი სამართალდამცველების დაგვიანებულ რეაგირებაზეც სუბრობს. ის გულისხმობს ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფოტოგრაფმა, რომელიც დაბადების დღეზე იმყოფებოდა, კონფლიქტის დაწყების გამო პოლიციაში დარეკა, მოგვიანებით კი, როდესაც უწყებიდან დაუკავშირდნენ, თქვა, რომ ვითარება განმუხტული იყო. თუმცა, პირველი შეტყობინების არსებობის მიუხედავად, სამართალდამცველები საკითხით არ დაინტერესებულან.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.