logo
ENG



გახარია დოკუმენტის ანულირებაზე: პერსონალურად ჩემთვის ეს შიშის გამოხატულებაა

30 ივლ 202110:29
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობის ადმინისტრაცია

ყოფილი პრემიერმინისტრი, მოძრაობა საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დატოვება შიშის გამოხატულებაა. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, არც მოქალაქეებს ინტერესებს და ძალაფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

"პერსონალურად ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებებში. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს ყველაზე ცუდია", - ამბობს გახარია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიღებდა თუ არა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მსგავს გადაწყვეტილებას, გახარია ასე პასუხობს:

"დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის, ბოსების გაბედულობაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა", - ამბობს გახარია.

28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

29 ივლისს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, რომელშიც წერია, რომ "აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია". მათი შეფასებით, "ოცნების" გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის მხრიდან დემოკრატიული მისწრაფებების ერთგულებაზე.

მმართველ გუნდს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენარებმა: მარინა კალიურანდიმ, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა. წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან.

ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა

სადეპუტატო მანდატი დატოვა ასევე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ აპირებს, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. მისივე თქმითნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.


close დახურვა