შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებში სამ ადამიანს ეძებენ.
"ვეძებეთ სამ ადამიანს, წესით მეტი არ უნდა იყოს, ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით", - ამბობს ის.
ბათუმში სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.
26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის 10:00 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან ორი ცოცხალი და 5 გარდაცვლილი. 5 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი.
მანამდე, ნანგრევებიდან ამოასვენეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.
ასევე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.