logo
ENG



დეკანოიძე შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე მსჯელობის დაწყებას არ გამორიცხავს

29 ივლ 202122:37
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე მსჯელობის დაწყებას არ გამორიცხავს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე მსჯელობის დაწყებას არ გამორიცხავს. ამაზე მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პარტიაში ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრიათ, თუმცა ენმ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

"არ განგვიხილავს ეს თემა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი საფრთხის ქვეშ არ დადგეს. მსჯელობის დაწყებას [ხელმოწერაზე] არ გამოვრიცხავთ. ყოველ შემთხვევაში, ახლა დანამდვილებით არ შემიძლია გითხრათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რატომ გვჭირდება ყველა ბერკეტი. იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც კი, რომელთა განცხადებებს ვთვლით არასაკმარისად, ისინიც კი დავარწმუნოთ იმაში, რომ უკვე დროა საუბარი დაიწყოს სანქციებზე საუბარი და ძალიან მკვეთ ზომებზე", - ამბობს დეკანოიძე.

გუშინ, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს, 29 ივლისს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.  

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, რომელშიც წერია, რომ "აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია". მათი შეფასებით, "ოცნების" გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის მხრიდან დემოკრატიული მისწრაფებების ერთგულებაზე.

მმართველ გუნდს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენარებმა: მარინა კალიურანდიმ, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა. წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან.

ქართული ოცნების დოკუმენტიდან გასვლის შემდეგ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა

სადეპუტატო მანდატი დატოვა ასევე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ აპირებს, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. მისივე თქმითნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.


close დახურვა