დიდი შვიდეული რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის დიდი შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება. ამის შესახებ შვიდეულის იმ განცხადების პირველად ვერსიაშია საუბარი, რომელიც როიტერსმა მოიპოვა.
შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ინგლისის ქალაქ ლივერპულში ერთმანეთს დღეს შეხვდნენ. მათ განაცხადეს, რომ შეკრების მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზების დაგმობაა და მოსკოვს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.
„რუსეთს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ მომავლის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგებისა და მძიმე ხარჯების მომტანი იქნება.
ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების არჩევისკენ მოვუწოდებთ. რუსეთმა უნდა უერთგულოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამხედრო ქმედებების გამჭვირვალობის შესახებ მიცემულ პირობას.
ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ნორმანდიის ფორმატში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევისადმი მხარდაჭერას. ამ ფორმატის მიზანი მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელების მიღწევა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის გადაჭრაა", - წერია დიდი შვიდეულის განცხადების პირველად ვერსიაში.
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნებია: ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა და აშშ. ამ ქვეყნების დელეგატების გარდა შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენელიც.
***
შეგახსენებთ, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმას სხვადასხვა ფრონტიდან გეგმავდეს.
უკვე 1 თვეზე მეტია უკრაინის საზღვართან 175 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.
ამ საკითხთან დაკავშირებით 8 დეკემბერს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ონლაინშეხვედრა გამართეს. საუბრის მთავარი თემა უკრაინა და მასთან ახლოს რუსული ჯარების განთავსება გახდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება.
დეკემბრის დასაწყისში სტოკჰოლმში ერთმანეთს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც შეხვდნენ. ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან დიალოგში აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა რუსეთისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვანაირი გზის გამოყენება შეუძლიათ, მათ შორის ეკონომიკური სანქციების ან პოლიტიკური შეზღუდვების დაწესება.
26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.
უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების მიზეზი უკრაინის NATO-სკენ სწრაფვაა.
კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა გარანტია, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს არ შეუერთდება და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.