logo
ENG



დონეცკის შემდეგ, მასობრივი ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა

18 თებ 202219:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/18/0seea09djy6ov5f.jpg

ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა ლუგანსკიდან რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა.  ოკუპირებულ ლუგანსკამდე, რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც.

"რუსეთის ფედერაცია მზადაა უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და თავის ტერიტორიებზე ლუგანსკის ხალხის განთავსება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა კაცს, ვისაც ხელში იარაღის აღება შეუძლია, რომ თავიანთი მიწა დაიცვან" - ამბობს ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი ლეონიდ პასეჩნიკი.

პასეჩნიკმა, უკრაინული ძალები დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებულ რეგიონებში შეთნახმების 29-ჯერ დარღვევაზე და 13 ასეთი ქალაქი ჩამოთვალა.

ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა, დღეს რეგიონიდან რუსეთში მასობრივი ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

პუშილინი აცხადებს, რომ გასულ თვეებში უკრაინის მხრიდან სამხედრო პერსონალისა და ლეტალური იარაღის ყოველდღიურ ზრდას აკვირდებოდნენ და რომ უკრაინა ახლა დონბასის ძალადობრივი გზებით დაკავებისთვის მზადაა.

მისი თქმით, ე.წ დონცეკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან სამხედრო ოპერაციებისთვის და შეუძლიათ უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება. თუმცა მისი თქმით, მტრის შემოტევებმა, შესაძლოა, მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ მიიღეს ევაკუაციის გადაწყვეტილება.

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებული ლიდერის თქმით, რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებით როსტოვის რეგიონში უკვე მოეწყო მიმღები პუნქტები, სადაც ადამიანებს ყველა საჭირო მასალით უზრუნველყოფენ. 

პუშილინი ამბობს, რომ დონეცკის რეგიონიდან სწრაფი ევაკუაციისთვის ყველაფერი მზადაა და მოსახლეობას პუნქტებთან სწრაფად მობილიზებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევაკუაციისას პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს მიენიჭებათ.

„ამრიგად, დღეიდან, 18 თებერვლიდან, ორგანიზება მასობრივი ევაკუაცია რუსეთის ფედერაციაში. უპირველეს ყოვლისა ევაკუაცია ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს შეეხებათ.“ - განაცხადა თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღიარებს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გუშინ, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.

ამავე დროს, კრემლი უკრაინას დონბასში "პროვოკაციების გაძლიერებაში" ადანაშაულებს.

დღეს, 18 თებერვლის დილიდან კი უკრაინის სამხედრო სამსახურებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 6 შემთხვევა დააფიქსირეს. მათგან 4 მოიცავდა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღების გამოყენებას.

რუსული საოკუპაციო ძალებმა 5 პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის ინფორმაციით შემთხვევებს ადამიანური დანაკარგი არ მოჰყოლია.


close დახურვა