logo
ENG



დღეს გახდება ცნობილი, შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში

30 მაი 202112:06
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გახდება ცნობილი, შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში.

გადაწყვეტილების გახმოვანებამდე პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. 

"დღეს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო. ეს არის ის ორგანო, რომელიც იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. დღეს გახდება ცნობილი, შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. ჩვენ მოვისმენთ ყველა მხარის არგუმენტებს. ვიმსჯელებთ ამის შესახებ, თუმცა, ეს მსჯელობა დიდი ხანია, მიმდინარეობს პარტიაში და საჯაროდაც. საზოგადოებამ მოისმინა პარტიის იმ წევრების არგუმენტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ემხრობიან და იმათიც, ვინც ამას ეწინააღმდეგება. თუმცა, დღეს ეს პოზიციები შეჯერდება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება". - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიმდინარეობს.

კონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთანაც ჩავიდა. 

მელიას განცხადებით, პარტია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, რაც რეგიონებში ამომრჩეველს შეხვდება. მან ეს შეხვედრები რამდენიმე დღეა, დაიწყო. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. ენმ დატოვა და პარლამენტში შევიდა სალომე სამადაშვილი, ასევე, დეპუტატი გახდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 15 დეკემბერს მიიღო

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს. 

ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა. 

წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს". 

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. 

 


close დახურვა