logo
ENG



ზელენსკი: რუსეთისთვის შემუშავებული სანქციები უკრაინაში შეჭრამდე უნდა გასაჯაროვდეს

20 თებ 202201:01
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: რუსეთისთვის შემუშავებული სანქციები უკრაინაში შეჭრამდე უნდა გასაჯაროვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთისთვის შემუშავებული სანქციები უკრაინაში შეჭრამდე უნდა გასაჯაროვდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, CNN-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ სანქციების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გასაჯაროვდეს, თუ პოტენციურად რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

"ამ სანქციების უბრალოდ გასაჯაროებაზე კითხვასაც... უბრალოდ სანქციების სია, მათთვის, ჩვენთვის, რათა ვიცოდეთ, რა მოხდება თუ ისინი ომს დაიწყებენ - აი ამ კითხვასაც არ აქვს მხარდაჭერა

ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ და მას შემდეგ რაც ჩვენს ქვეყანას ცეცხლს გაუხსნიან, ან როცა საზღვრები აღარ გვექნება, ან მას შემდეგ, რაც ეკონომიკა აღარ გვექნება...რისთვის გვენდომება მაშინ ჩვენ ეს სანქციები?

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერთან გვქონდა დისკუსია და ჩვენ სანქციების პოლიტიკაზე ვსაუბრობდით. ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაუწესდეს რუსეთს სანქციები თუ აგრესია მოხდება.

ასე რომ, როცა გვეკითხებით, რისი გაკეთება შეიძლება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია სიაც კი მოგაწოდოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მონდომებაა. თუ თქვენ იმის გამხელაც კი არ შეგიძლიათ, ვის რა მოუვა თუ ომი დაიწყება, ვეჭვობ რომ ეს გადაწყვეტილებები ამოქმედდეს მას შემდეგ რაც ეს [ომი] მოხდება" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

***

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 19 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს. 

18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

გარდა ამისა, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს. 

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს. 

აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა