logo
ENG



იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, სააკაშვილი სხვადასხვა სახის ფაფებსა და წვენებს იღებს

05 ნოე 202123:34
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარკვეულ ფაფებსა და ნატურალ წვენებს იღებს. 

როგორც ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, სააკაშვილმა თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში კი მათ მიღებაზე უარი განაცხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში საკვებს მოიხმარს. გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში "ჭამს და სვამს".

"რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და ერთი შეკითხვა შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება.  

პასუხი იყო შემდეგი და პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, 2 დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.


close დახურვა