logo
ENG



კაპანაძე გალერის განცხადებაზე: უფრო მარტივად ვერ აუხსნიან ოცნებას, რომ ხალხს ვერ გადააგდებს

13 მაი 202014:46
3 წუთის საკითხავი
clock 612

მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები - ისინი ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორები უკვე ღიად საუბრობენ პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე, რაც უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე განმარტავს, მაიკლ გალერმა ძალიან მარტივად აუხსნა მმართველ ძალას, რას ელიან პარტნიორები საქართველოსგან და „ქართული ოცნებისგან“.

„გალერი არის გავლენიანი ევროპარლამენტარი, რომელიც განაპირობებს განწყობებს საქართველოსთან დაკავშირებით. ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს მერკელთან - მისი გავლენა, უბრალოდ შეუძლებელია, რომ არ შეამჩნიო და არ დააფასო. როდესაც ასეთი დეპუტატი ამბობს, რომ ოცნება ცდის პარტნიორებს და ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, რათა თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს - ამაზე უფრო მარტივად შეუძლებელია ოცნებას ვინმემ აუხსნას, რომ მორიგჯერ გადააგდოს საზოგადოება, უბრალოდ არ გამოუვა", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ საქართველოს სჭირდება დასავლეთი დახმარება და ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მწვავე რეაქცია არ გამოიწვიოს მმართველმა ძალამ.

„საქართველოს და ევროკავშირის და საქართველოს და აშშ-ის დიპლომატიის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ევროდეპუტატები და სენატორები ახსენებენ პოლიტ.პატიმრების არსებობას. ეს არის უკიდურესად საყურადღებო. ეს აჩვენებს იმას, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან შეთანხმების შესრულებას და მათი რეაქცია ჩაშლაზე იქნება მწვავე. ევროპარლამენტმა და კონგრესმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც გვჭირდება ეკონომიკისთვის და მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვჭირდება მათი მხარდაჭერა", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.

რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამაასთან, მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  

 


close დახურვა