logo
ENG



კახიძე გახარიას პასუხობს:ბედავს და ოპოზიციას ადანაშაულებს მასკარადში

22 მაი 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში „ქართულმა ონცნებამ" შესწორებული კანონპროექტი წარადგინა. საუბარია დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეზრუდვების დაწესების უფლება პარლამენტის გვერდის ავლით შეეძლება. მესამე სექტორისა და ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ნორმას მხოლოდ დროებითი ხასიათი ჰქონდეს. 

პრემიერმა კი ოპოზიციის მიერ კანონპროექტის გაკრიტიკებას მასკარადი უწოდა. საპასუხოდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე მასკარადი უწოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს. 

კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვებით ეკონომიკა კიდევ უფრო დამუხრუჭდა.

„საქართველოს პრემიერმა, რომელმაც არ დაგვიწყებია თვალები რომ დათხარა ახალგაზრდებს, ერთი წელი ხდება მალე ამ თარიღიდან, პანდემიის დროს კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება მოსახლეობას და ისეთი შეზღუდვები შემოიღო, რომლითაც ეკონომიკა კიდევ უფრო დამუხრუჭდა და უკან წავიდა. მოსახლეობამ მასობრივად დაკარგა სამსახური და სამთავრობო გეგმით, ცინიკურად, რაღაც 200 ლარიან დახმარებას უგდებენ. კიდევ ბედავს და ოპოზიციას ადანაშაულებს მასკარადში. თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „რვაწლიანი მოღვაწეობა“ არის პოლიტიკური მასკარადი“, - განაცხადა კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მუდამ თავის მართლების რეჟიმშია.

„კარგია, რომ ბევრი მახინჯი ნორმა იქნება ჩასწორებული და გაითვალისწინებენ სახალხო დამცველის შენიშვნებს. ესეც მიღწევაა. რაც შეეხება მთავრობის საწყალ კომენტარებს - ყოველწუთას იხევენ უკან. განაცხადებენ, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები და არიან პოლიტხულიგნები და მეორე დღეს უწევთ იმის მტკიცება, რომ პოლიტპატიმრები საპატიმროდან ჰუმანური მოსაზრებით გათავისუფლდნენ და არა ხალხისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით. გუშინწინ ამტკიცებდნენ, რომ კანონში ცვლილება არ შევა და დღეს სხვა რამეს ვღებულობთ. ხელისუფლება მუდამ თავის ამრთლების რეჟიმშია“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმადახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით,  საჭიროა გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საჭირო აღარ არის. როგორც გახარიამ განმარტა კანონპროექტი არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
ამავდროულად, ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წევრების ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი კანონით დადგენილი შეზღუდვები, მაგალითად, 15 ივლისამდე იყოს გაწერილი. თუმცა, კონკრეტული თარიღი დღეს პარლამენტის სხდომაზე განისაზღვრება.
ხუნდაძის ინიციატივას  უარყოფითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს და მათ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლება დიქტატურას ამყარებს და შემოტავაზებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

ხელისუფლების მიერ განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და აცხადებს, რომ ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ეძლევა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.

კანონპროექტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, პირველი მოსმენით მიიღო. 


close დახურვა