მმართველი პარტიის წევრის დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს პარლამენტში. მმართველი გუნდის წევრებმა, დებატებისას პრემიერ გახარიას ტერმინი - პოლიტიკური მასკარადი რამდენჯერმე გამოიყენეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არსებობს სამი გზა კანონპროექტთან მიმართებაში და თუ ოპოზიცია არც ერთს აირჩევს, მაშინ პოლიტიკური მასკარადი პროცესის ზუსტი შეფასებაა.
„არის სამი ვარიანტი. პირველი, ეს არის, გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა. მეორე, მივუშვათ ვირუსი თავის ნებაზე და მივიღოთ ის შედეგი, რაც დღეს სომხეთს აქვს, ან სხვა მეზობელ ქვეყნებს და მესამე არის ამ კანონის მიღება. მეოთხე ალტერნატივა არ არის. ვკითხოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, აირჩიონ აქედან ერთ-ერთი. თუ არადა, გამოდის, რომ მასკარადი, სპეკულაციები არის აბსოლუტურად ზუსტი შეფასება“, - აღნიშნა კობახიძემ.
მასკარადზე საუბრობს კობახიძის თანაგუნდელი მამუკა მდინარაძეც
„პოლიტიკურ მასკარადზე ვსაუბრობდი და შევეცდები ძალიან მოკლედ ავხსნა. პოლიტიკური მასკარადია, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში და შეიძლება, თავისუფლად ისაუბროს, რომ მთავრობის დადგენილებები პარლამენტმა უნდა აასრულოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
ამავდროულად, ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის წევრების ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი კანონით დადგენილი შეზღუდვები, მაგალითად, 15 ივლისამდე იყოს გაწერილი. თუმცა, კონკრეტული თარიღი დღეს პარლამენტის სხდომაზე განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, პირველი მოსმენით მიიღო.