logo
ENG



კობახიძე: დოკუმენტში ასახული ყველა წინადადება ჩვენგანაა წარმოდგენილი, არც ერთი ოპოზიციისგან

15 მარ 202120:11
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: დოკუმენტში ასახული ყველა წინადადება ჩვენგანაა წარმოდგენილი, არც ერთი ოპოზიციისგან

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის წინ განაცხადა, რომ დოკუმენტში, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, ასახული ყველა წინადადება მმართველი გუნდისგანაა წარდგენილი. 

"ყველა წინადადება, რომელიც დღეს ასახულია დოკუმენტში, არის ჩვენგან წარმოდგენილი, აბსოლუტურად ყველა. არც ერთი წინადადება არ არის წარმოდგენილი ოპოზიციისგან. ყველა წინადადება უკავშირდება იმას, რასაც გააკეთებს ხელისუფლება. ერთადერთი ვალდებულება, რასაც იღებს ოპოზიცია, ეს არის პარლამენტში შესვლა და ისიც არს ძალიან ბუნდოვანი წინადადება მათი მხრიდან", - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმების მისაღწევად მაქსიმუმს აკეთებს და მომავალშიც ანალოგიურად გააგრძელებს მუშაობას.

დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდებოდა, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელი იყო, ხოლო ოპოზიციასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ დანიელსონმა პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩებოდა

დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დიპლომატი შეეცდება, საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმებამდე დარჩეს

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა ჩარჩო საკითხებიც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 


close დახურვა