რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსზე მედიის წარმომადგენლების გატესტვა დღეს დაიწყება.
როგორც გოფოძემ აღნიშნა, ჟურნალისტებს სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ, საეჭვო შემთხვევაში კი, განმეორებით კვლევა pcr ტესტით მოხდება.
„გუშინ დიდი ამბავი იყო. მიზნობრივი ჯგუფი მეტი იქნება. უპირველესად თქვენ ბრძანდებით მიზნობრივ ჯგუფში, ჟურნალისტები, რომლებზეც მე გუშინვე განვაცხადე, რომ გატესტვა დავიწყეთ მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ სწრაფ ტესტირებას, საეჭვო შემთხვევაში კი გადავალთ pcr ტესტირებაზე. ასეთი მიზნობრივი ჯგუფები კიდევ განისაზღვრება და ტესტირება ჩატარდება, მათ შორის მოხუცთა სახლებში ვინც ცხოვრობს, მათი ტესტირება დაიწყება დღეს. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით, მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკებიც“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.