ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მოქმედებები პოლიტიკური თვითმკვლელობაა. ამაზე მელიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი აცნობიერებს რასაც აკეთებს, "თუმცა სხვა გზა არ აქვს".
"ის, რასაც ქართული ოცნება უკანასკნელი დღეების განმავლობაში აკეთებს, არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. ჩვენ გვგონია, რომ ქართული ოცნება ვერ აცნობიერებს, რომ თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, საერთაშორისო მეგობრებისგან მიიღებს ძალიან მძიმე კრიტიკას? აცნობიერებს, მაგრამ სხვა რა გზა აქვს? რასაც დოკუმენტი ეუბნება, პროცესები ისე რომ წარიმართოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და ობიექტური და მიუკერძოებელი მოსამართლეები აღმოჩნდნენ, ხვალ და ზეგ, სანამ ოცნება მართვის სადავეებთან არის როგორ უნდა დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები, ან როგორ უნდა განახორციელონ პოლიტიკური მართლმსაჯულება?"- განაცხადა მელიამ.
ამასთან, მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება მმართველობის ბოლო წლებში მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებებს ვერ გაატარებს.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მთავარი მარცხიც სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში არგატარებული რეფორმები იყო.
"ეს ყველაფერი შეიძლება ქართულ ოცნებას გაეკეთებინა თავისი მმართველობის დასაწყისში და არა ბოლოში. როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარება მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ჟამს იმიტომ, რომ იგივე პრობლემა ჰქონდათ მათ.
განსხვავებით ქართული ოცნებისგან, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ძალიან წარმატებული რეფორმები განახორციელა მაშინდელმა გუნდმა და სამწუხაროდ, მთავარი მიზეზი მარცხისა წინა ხელისუფლების იყო მართლმსაჯულების სისტემაში არ განხორციელებული რეფორმები", - ამბობს მელია.
მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.
დღესვე მამუკა ხაზარაძე ფრაქციის სახელით ინიციატივით გამოვიდა - თუ ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.
ინიციატივას შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას ბლოთ გასული დეპუტატი, კახა ოქრიაშვილიც.
ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.