logo
ENG



მორაგბეების ადვოკატი: მოსამართლეს ხმა უკანკალებდა, ამ გადაწყვეტილებას რომ იღებდა

28 ივნ 202016:59
3 წუთის საკითხავი
 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიზებულს უწოდებს.  როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გარდაცვლილ სპორტსმენთან შეხება არ ჰქონიათ.

კობაიძის თქმით, ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას  გაასაჩივრებენ, ადვოკატი ასევე არ გამორიცხავს, რომ საქმე სტრასბურგში გაგრძელდეს.

„სასამართლო მოგვევლინა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ისეთი განცდა მქონდა,  რომ თავის გადაწყვეტილებას თვითონ არ ეთანხმებოდა, ხმა უკანკალებდა, ამ გადაწყვეტილებას რომ იღებდა და ამით სასამართლომ უფრო გააღრმავა ის დაპირისპირება, რაც საზოგადოებაში არსებობს. მოგეხსენებათ, ერთი მხარე  მიიჩნევს, რომ რაღაც ფორმით შეხება აქვთ აწ გარდაცვლილთან შაქარაშვილთან, ხოლო მეორე მხარე მიიჩნევს, რომ არანაირი შეხება მათ არ ჰქონიათ. იმის გამო,  რომ გაეხსნათ საქმე, 17 ადამიანი, რომელიც აქტიური სპორტით არის დაკავებული, გაუშვა ციხეში სასამართლომ, დღევანდელმა ხელისუფლებამ. აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ ამათი ცხოვრება ინგრევა."

ადვოკატმა ყურადღება საქმის ფორმალურ მხარეზეც გაამახვილა და არ გამორიცხა ამ საქმის სტრასბურგის სასამართლომდე მიტანაც. 

"დასაბუთება იყო ნონსენსი, 10 წუთის განმავლობაში ბრალდების მხარემ ფორმალურად ილაპარაკა და ამით მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ. სამართლებრივად ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და არ არის გამორიცხული, რომ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგშიც ვიხილოთ“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა