ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, კაცს წინასწარი კვლევებით, აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი. ის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე. ღამის განმავლობაში რჩებოდა მძიმე, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია ამ ეტაპისთვის. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაციები".
26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის 10:34 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან 1 ცოცხალი და 6 გარდაცვლილი. 6 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი. მანამდე, ნანგრევებში იპოვეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც.
ასევე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო, რამდენიმე საათში კი ის გარდაიცვალა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.