სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტი "უკიდურესად შემაშფოთებელია".
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ლომჯარიას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.
"ინიცირებული კანონის პროექტის მთავარი ხარვეზი არის სახელმწიფო ინსპექტორის, მისი მოადგილეებისა და თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ ტიპის მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს.
განსაკუთრებულად საგანგაშოა კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ამ ტიპის პროცედურით შესაძლებელი ხდება კანონპროექტის მიღება სამივე მოსმენით 1 კვირაში. როდესაც საკითხი ეხება დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც გამართულად და ეფექტიანად საქმიანობს და იმ პირობებში, რომ არცერთ დაინტერესებულ მხარესთან და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოსთან (მათ შორის სახალხო დამცველთან) არ მომხდარა წინასწარი კონსულტაცია, ნათელია რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენაა", - წერია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან. პარალელურად მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს - მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას გააუარესებს.
25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.
ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო".
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.
გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ღრმად შემაშფოთებელი უწოდა და ინიციატორებს მისი გაწვევისკენ მოუწოდა.