logo
ENG



ომბუდსმენი ხუნდაძის ინიციატივაზე: კანონპროექტში კონსტიტუციური სტანდარტები არაა ასახული

21 მაი 202014:32
3 წუთის საკითხავი
 
hvjvfseqtwhhmcb.png

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებლ ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

როგორც სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრებიდან ირკვევა, ომბუდსმენის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

„სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს პანდემიის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღების საჭიროებას, თუმცა ამ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, თუ რა კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა იქნეს კანონპროექტში გათვალისწინებული იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

"სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივიღებთ არაკონსტიტუციურ რეგულირებას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილობით მოსაზრებაში.

წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობასაც.

„პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმადახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით,  საჭიროა გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საჭირო აღარ არის. როგორც გახარიამ განმარტა კანონპროექტი არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

ხუნდაძის ინიციატივას  უარყოფითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს და მათ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლება დიქტატურას ამყარებს და შემოტავაზებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

ხელისუფლების მიერ განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და აცხადებს, რომ ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ეძლევა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.

 

 

 


close დახურვა