იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდება.
როგორც ოხანაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხვალ ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართება და მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
"გავცვალეთ პოზიციები. იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი... აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი. ქართული ოცნება შეასრულებს პირობას. არავის არაფერი გადაუფიქრებია. აქ თუ იქნება რესურსი რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური, თუ არ დაგვეთანხმება ეს იქნება მათი არჩევანი. კანონპროექტი დაინიცირდება შეთანხმებულ ვადაში და კანონპროექტს მივიღებთ. შეთანხმებას შევასრულებთ. მეთ ინფორმაციას ხვალ გაიგებთ. ხვალ გვექნება კონკრეტული ბრიფინგი, კონკრეტულ საკითხზე", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელეს პოზიციური პარტიების ნაწილმა. მათი თქმით, ამნისტიასთან დაკავშირებით ხვალ კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართება. ლელო საქართველოსთვის ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით ხვალ არ მოხდება".
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელიასთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. ამასთან დაკავშირებით დღეს მელიამ განცხადება გაავრცელა. მან ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და განაცხადა, რომ ასე შემთხვევაში მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმაც და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.