logo
ENG



პუტინმა აღიარა, რომ მობილიზაციის დროს შეცდომები დაუშვეს და მათი გამოსწორება მოითხოვა

30 სექ 202200:09
3 წუთის საკითხავი
 
პუტინმა აღიარა, რომ მობილიზაციის დროს შეცდომები დაუშვეს და მათი გამოსწორება მოითხოვა

რუსეთის სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედიის TASS ცნობით, პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა და მათი  გამოსწორება მოითხოვა.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა 29 სექტემბერს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მობილიზაციისას შეცდომები დაუშვეს და განაცხადა, რომ ამგვარი შემთხვევების შესახებ მოსახლეობისგან ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას. პუტინმა მაგალითად ისეთი შემთხვევები დაასახელა, როცა ადამიანები ქრონიკული დაავადებების, ან სამხედრო ასაკის მიღმა ყოფნის მიუხედავად სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. 

„მობილიზაციის ქმედებების დროს, ამის შესახებ მოქალაქეებისგან მივიღეთ დიდი ინფორმაცია: გაწვევის ორგანიზებაზე, იარაღების ხარისხზე, საცხოვრებელ პირობებსა და სხვა პრობლემებზე. ბევრი კითხვა ჩნდება და ყველა შეცდომა უნდა გამოსწორდეს და მომავალში მათი განმეორების პრევენცია მოხდეს - მაგალითად იმ მოქალაქეებისთვის, ვისზეც მოცდაა საჭირო“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია თითოეულ შემთხვევა დამოუკიდებლად განიხილონ და ის ადამიანები, ვინც სათანადო მიზეზების არსებობის გარეშე გამოიძახეს“ სახლში უნდა დააბრუნონ.

„აუცილებელია, რომ თითოეულ ამ საქმეს დამოუკიდებლად მოვეკიდოთ და თუ შეცდომებს დავუშვებთ უნდა გამოსწორდეს. ისინი, ვინც სათანადო მიზეზების არსებობის გარეშე გამოიძახეს, სახლში უნდა დაბრუნდნენ“ - განაცხადა პუტინმა.

 

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქციებზე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები გადასცეს. პარალელურად იმართებოდა შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ. 

24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.

24 სექტემბერს, BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა, მოძრაობა ძალიან იყო შენელებული და ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტი ელოდა საზღვრის გადაკვეთას.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სააგენტოს Frontex-მა განაცხადა, გასულ კვირაში, 19-25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირებთან შედარებით 30%-იანი მატებაა.


close დახურვა