logo
ENG



რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო

06 იან 202212:31
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გადასროლა დაიწყო. ინფორმაციას რია ნოვოსტი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს "დაკისრებული ამოცანების" შესრულება.

"ამჟამად ყაზახეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო კონტინგეტის რუსული ნაწილის გადაყვანა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტი ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. მისი შემადგენლობიდან წამყვანმა ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება", - ნათქვამია ОДКБ-ის განცხადებაში.

ОДКБ-ს დახმარების თხოვნით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა მიმართა.

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გუშინ, 5 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა