logo
ENG



რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს

04 ივლ 202409:45
3 წუთის საკითხავი
 

რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია მან თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ახსნა-განმარტების გარეშე საზღვრიდან გააბრუნეს.

"საქართველოში არ შემიშვეს ქვეყანაში ცხოვრების მესამე წელს. თავდაპირველად მესაზღვრეებს თვალები დაუმრგვალდათ ჩემი პასპორტის დანახვისას, შემდეგ ცვლაში უფროსმა დაბღვერით შეხედა მონიტორს და წავიდა რაღაცაზე რაციით გადალაპარაკებისთვის. მთხოვეს დალოდება - 2 საათის განმავლობაში ჩემს გარშემო ბევრმა ადამიანმა გაიარა, სხვადასხვა ფერის პასპორტებით. შემდეგ მიხმეს, გადმომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით "უარის მიზეზი: სხვა მიზეზები".

ამ წლების განმავლობაში საქართველო იქცა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად. [...] მე ოცჯერ მაინც ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზის სიახლოვედ. ხელს ვართმევდი ხალხს, ვუყურებდი თვალებში და ვეხვეოდი მათ. . რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს საქართველოს ტერიტორიის 20-ზე მეტი პროცენტის ოკუპაციით და ახალი მიწების მოკბეჩით მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში - საშინელებაა. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით კოლეგებთან ერთად შეძლებისდაგვარად ვცდილობდით და ვისწრაფვით, როგორმე მაინც დავეხმაროთ ადგილობრივებს, ვისაუბროთ ოკუპაციაზე, გავიდეთ აქციებზე. და გავაგრძელებთ ამას ნებისმიერ შემთხვევაში.

ქართველები და საქართველო უკვე მარადიულად ჩემს გულშია, მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. ჩემზე არ ინერვიულოთ - გავაგრძელებ მუშაობას და ბრძოლას", - წერს ის Facebook-ზე. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში კრემლის მოწინააღმდეგე სხვა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ შემოუშვიათ.

გასული წლის 31 იანვარს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს, ასევე 4 თებერვალს არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი იგორ ეფრიმოვი. მოგვიანებით, 17 თებერვალს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა რუს ოპოზიციონერს ანდრეი დავიდოვს. 1

1 მარტს დამოუკიდებელი, აქტივისტური მედიაჯგუფის, "მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. 19 ივლისს რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 4 სექტემბერს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა კრემლის კრიტიკოსს რუს ფოტოჟურნალისტს ვასილი კრესტიანინოვს.

27 ოქტომბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა თქვა, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. გასული წლის 13 დეკემბერს საქართველოში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი. 13 თებერვალს ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს.

14 მარტს  ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტი, ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს.


close დახურვა