logo
ENG



საკონსტიტუციო ცვლილებები - ოცნებამ, შესაძლოა, კანონპროექტი კვლავ ჩააგდოს

19 ივნ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

უმზადებს თუ არა საზოგადოებას გადაგდების ახალ სცენარს ივანიშვილის გუნდი - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ორი დღით ადრე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ არ იციან, ხმას მისცემენ თუ არა პროექტს. არადა ლიდერები დღეს პარტიული შეკრების შემდეგ ირწმუნებოდნენ, რომ სიურპრიზები აღარ იქნება. 

საჭირო ხმები „ქართულ ოცნებას“ აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩაგდების საფრთხე არ არსებობს. ისკო დასენი „ქართულ ოცნებაში" ერთადერთი არ არის, რომელმაც ჯერ არ იცის - დაუჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. კითხვაზე პასუხს დღეს დავით სონღულაშვილიც გაექცა. საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბარი არც გოგა გულორდავამ ისურვა. მათ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხელ უკვე ჩააგდეს - ნოემბერში როცა  ე. წ ამბოხება მოაწყვეს. რა როლი ერგოთ ამჯერად - უცნობია, მათი ხმა ახლაც გადამწყვეტია. ზუსტად ასე იყო ნოემბერშიც - ივანიშვილის გუნდი კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრეც ამბობდა რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრებოდა. ძველ სცენარს ახალი იმითაც ჰგავს, რომ საპარლამენტო განხილვების წინ, ოფისში პარტაქტივის ტრადიციული შეკრება მოეწყო, პოზიციების შესაჯერებლად

ოპოზიციის ნაწილი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ამბოხების გათამაშებას და პასუხისმგებლობის ოპონენტებზე დაკისრებას აპირებს. 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მხარეებს მოუწოდეს დიპლომატებმა. მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია ბოიკოტს არ შეწყვეტს თუ გიორგი რურუა ციხეს არ დატოვებს. პოლიტიკური პარტიები ამბობენ რომ ბურთი ახლა ივანიშვილის მოედანზეა . მან ორი დაპირება უნდა შეასრულოს - პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს და საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცოს.

შეაჯერებს თუ არა პოზიციები, ეს კვირას გამოჩნდება - კენჭისყრაზე. ივანიშვილისგან პოლიტიკური სიურპრიზებს მისი ყოფილი თანაგუნდელებიც ელიან."ოცნებიდან" წასული ყველა დეპუტატი ღიად ამბობს, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო კანონის შეცვლა არ აწყობს, პოლიტიკური მიზნისთვის კი ივანიშვილი ტრადიციულ ფანდს მიმართავს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. დამოუკიდებელი დეპუტატები მზად არიან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.  გადამწყვეტი სიტყვა ისევ  „ქართულ ოცნებაზეა"  -  მმართველ პარტიას ჯამში  92 დეპუტატი ჰყავს, მათ შორის არიან მაჟორიტარები. დეპუტატები, რომლებიც იშვიათად ჩნდებიან თუმცა საჭიროების შემთხვევაში  პოლიტიკური კრიზისის შექმნაც შეუძლიათ. 

დღესვე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალმა ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გავრცელეს, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ელჩების განცხადებას პარლამენტის თავჯდომარე გამოეხმაურა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის მხრიდან 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კანონპროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილე ფასილიტატორი ელჩების განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დიპლომატები ბიძინა ივანიშვილს არ ენდობიან.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანამ რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებული არ იქნება.


 


close დახურვა