logo
ENG



ტრასი: აგრესიის შემთხვევაში, რუსულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე მუშაობას გავურთულებთ

19 თებ 202223:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/06knrzgfu6o0k8z.jpg
Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა დღეს მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას ახლა დასავლეთმა მხარი, როგორც თავდაცვის კუთხით ასევე ეკონომიკურადაც უნდა დაუჭიროს, რადგან დაძაბულობის პირობებში ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხეები არსებობს.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მძიმე შედეგები დაუდგება. სანქციების ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე რუსულ კომპანიებს მუშაობას გაურთულებენ, ოლიგარქებს კი მოგზაურობაზე შეზღუდვებს დაუწესებენ.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რუსეთს დავაკისროთ მძიმე შედეგები უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. მათ შორის დავაკისრებთ მკაცრ სანქციებს: ჩვენ შევუჩერებთ რუს ოლიგარქებს საერთაშორისო მასშტაბებით თანხების გადაადგილებას, შევუზღუდავთ მოგზაურობას და რუსული კომპანიებს ჩვენი აქტივების ბაზრებზე მუშაობას გავურთულებთ. ჩვენ ასევე გავართულებთ რუსეთისთვის სუვერენული სესხების ბაზარზე წვდომას." - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ახლა ევროპა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტის წინაშეა.

ტრასი მიიჩნევს, რომ ევროპა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს და აუცილებელია დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობა, რადგან რუსეთის ეს სცენარი, შესაძლოა, უმოკლეს ვადებში განხორციელდეს.

მისი თქმით, რუსეთს 90-იან წლებში დაბრუნება სურს. კრემლი სერიოზულად არ აღიქვამს დიპლომატიას და დიალოგზე უარს ამბობს. ამ პირობებში,  ბრიტანეთის საგარეო მინისტრს მიაჩნია, რომ დასავლეთმა რუსეთს თავისი ძალა უნდა აჩვენოს.

„რუსეთს სურს დრო უკან, 1990-იან წლებში ან უფრო ადრე დააბრუნოს. ჩვენ უკვე გვინახავს მისი მოქმედების მონახაზი: რუსეთი შეიჭრა 2 სუვერენულ სახელმწიფოში და ბოლო კვირაში ჩვენ ვიხილეთ დეზინფორმაცია და ცრუ განგაშის ოპერაციები დონბასის რეგიონში. ვშიშობ, რუსეთმა უკვე გვაჩვენა, რომ ისინი სერიოზულად არ უყურებ დიპლომატიას, მათ უარი თქვეს ეუთოსთან დიალოგზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი, რადგან ესაა ერთადერთი, რაც რუსეთს ესმის“ - განაცხადა ლიზ ტრასმა. 

***

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. რამდენიმე თვეა, რუსეთმა აქ 100 ათასზე მეტი სამხედრო განალაგა. 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 19 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს. 

18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში გამშვებ პუნქტ Щастя-ს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროს ადგილზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონა იმყოფებოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

გარდა ამისა, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით 18 თებერვალს ევაკუაცია გამოცხადეს. 

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

რამდენი ადამიანი აპირებს რუსეთში გადასვლას, უცნობია. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა რუსულ სამთავრობო არხთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ სავარაუდოდ, ევაკუაცია ასი ათასობით ადამიანს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

დასავლეთი ვითარების დიპლომატიურ ფარგლებში გადატანას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს. 

აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა: 

უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.

რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ. 

აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს. 


close დახურვა