logo
ENG



ფინეთი აცხადებს, რომ რუს ტურისტებს სახმელეთო საზღვარს ჩაუკეტავს

29 სექ 202217:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/29/3q0tjpbijflkxjl.jpg
Sasu Makinen/Lehtikuva via AP

ფინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუს ტურისტებს სახმელეთო საზღვარს ჩაუკეტავს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ბოლო სამანქანო გზა იყო.

ხელისუფლების თქმით, გასულ შაბათ-კვირას ფინეთის საზღვარი რუსეთის 17 000-მა მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა შაბათ-კვირასთან შედარებით 80%-ით მეტია. 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს თქმით, გადაწყვეტილება უკრაინასთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.

„რუსეთის მოქალაქეების ტურისტული მიზნებით ფინეთში შესვლა საფრთხეს უქმნის ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებს“ - განაცხადა ჰაავისტომ.

ჰაავისტოს თქმით, ფინეთში შესვლა ოჯახის წევრების მონახულების, ასევე მუშაობისა და სწავლის მიზნებისთვის რუსეთის მოქალაქეებისთვის კვლავ დაშვებული იქნება.

ამ გადაწყვეტილებით, ფინეთის ხელისუფლება შეუერთდა ევროკავშირის იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს და რუს ტურისტებს შესვლა აუკრძალა.

ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა განაცხადეს, რომ რუსი ტურისტები ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ფინეთი ამ გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ უერთდებოდა.

უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები უნდა დარჩნენ რუსეთში და ხელისუფლებას ომის დასრულება აიძულონ.

ამასთანავე ევროკავშირმა შენგენის ზონის ტურისტულ ვიზებზე რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ რუსეთიდან ყველა ფრენა გააუქმა. შესაბამისად რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა სამანქანო და სარკინიგზო ტრანსპორტით შეეძლოთ.

ფინეთის ხელისუფლების ცნობით, წინა კვირებთან შედარებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საზღვარი 80%-ით მეტმა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა.

 

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?

რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ Novaya Gazeta.Europe-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დიდ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქციებზე ასობით მოქალაქე დააკავა.

დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები გადასცეს. პარალელურად იმართებოდა შეკრებები, სადაც მოქალაქეები პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმებოდნენ. 

24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაციისა და ომში მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს ხელი მოაწერა.

კანონმდებლობის მიხედვით, მობილიზაციისას გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში არ გამოცხადება ან გაქცევა დასჯადი ხდება და 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ეხება, როგორც რეზერვში მყოფ სამხედრო პერსონალს, ასევე ხელშეკრულებით მყოფ სამხედროებს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პოტენციური გაწვევის თავიდან ასარიდებლად მობილიზაციით გათვალისწინებულმა ჯგუფებმა რუსეთის მასობრივად დატოვება დაიწყეს.

24 სექტემბერს, BBC-ის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მანქანების რიგი 10 კმ-ს აღწევდა, მოძრაობა ძალიან იყო შენელებული და ზოგიერთი ადამიანი 20 საათზე მეტი ელოდა საზღვრის გადაკვეთას.

27 სექტემბერს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ 21 სექტემბრის შემდეგ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ჯამში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან შემოვიდა 78 742, ხოლო საქართველოდან რუსეთში 62 120 ადამიანი გადავიდა.

ევროკავშირის საზღვრისა და სანაპიროს დაცვის სააგენტოს Frontex-მა განაცხადა, გასულ კვირაში, 19-25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირებთან შედარებით 30%-იანი მატებაა.

 

close დახურვა