logo
ENG



ქალთა უფლებებზე მომუშავე 60-ზე მეტი ორგანიზაცია წილოსანს: არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს

06 მარ 202315:10
3 წუთის საკითხავი
 
ქალთა უფლებებზე მომუშავე 60-ზე მეტი ორგანიზაცია წილოსანს: არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს

ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე 60-ზე მეტი ორგანიზაცია დეპუტატ ნინო წილოსანს მოუწოდებს, რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

ფორმულა მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქალბატონო ნინო, ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნაც. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებდით საბჭოსთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩო და მრავალი მიმართულებით დაიხვეწა პოლიტიკა.

გაუმჯობესებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის განხორციელება რეალობაში სწორედ ჩვენი გავლით ხდება. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ვიდექით და ვდგავართ ადამიანების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, შშმ ქალებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებთან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებთან და გოგოებთან, ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე მდგომ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გვეამაყება, რასაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სწორედ ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისაკენ.

ყველა ეს მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს არამხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ძირს გამოუთხრის ჩვენს პროდასავლურ გეზს, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე და ბედზე, ვისაც ამდენი წელია ერთობლივად ვაძლიერებთ.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც იმედად ესახება ბევრ ძალადობა გამოვლილ ქალს, და როგორც რიგითი მოქალაქე, ქალი, სრულიად იაზრებთ იმ საფრთხეს, რასაც აღნიშნული კანონები, მიღების შემთხვეაში, უქადის ჩვენ ქვეყანას.

შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები.

ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო აქტის სათაურის ცვლილება ვერ გამოიწვევს მისი არსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივა არ გვესახება რეალურ გამოსავლად.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ რუსულ კანონს, თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ ყველა იმ მიღწევას, რითაც ასე ამაყობთ.

კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების სიის ნახვა შესაძლებელია აქ.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტებზე სტიგმატიზებას მოახდენს და "გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს". 

28 თებერვალს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ერინ ბარკლიმ ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრისას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგაა მიმართული "საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის".

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.

ამას Twitter-ზე გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნების თანამშრომლობაზე უარყოფითად აისახება. უწყების თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს. ნორვეგიამ კანონმდებლებს მოუწოდა, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კანონპროექტი გააკრიტიკა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა, კანონის მიღებაზე უარი თქვას. მისი განცხადებით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე.


close დახურვა