ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა ჯარს გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის უფლება მისცა.
ტოყაევმა თქვა, რომ მან უფლება მისცა თავდაცვის ძალებს, რომ ცეცხლი გახსნან წინასწარ გაფრთხილების გარეშე, იმისთვის რომ შეზღუდონ ანტი–სამთავრობო პროტესტი. ასევე, პრეზიდენტმა ტოყაევმა თქვა, რომ ქალაქ ალმათს თავს დაესხა "20 000 ბანდიტი"
ტოყაევმა მანამდე თქვა, რომ "ტერორისტული საფრთხე" არსებობდა და ОДКБ-ს, რომლის შემადგენლობაშია რუსეთი დახმარება თხოვა.
ყაზახეთში უკვე ჩაფრინდა პირველი რუსული დანაყოფები. ОДКБ-ს სხვა წევრი სახელმწიფოებიც აცხადებენ, რომ სამხედროებს გაგზავნიან. ბელარუსი გეგმავს გაგზავნოს 100-300 მებრძოლი, ტაჯიკეთი - 200–ს, სომხეთი - 70-მდე. ყირგიზეთის პარლამენტმა კი სამხედროების გაგზავნის განხილვა გადადო, საბოლოოდ კი 150 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ–ს კითხვები აქვს ყაზახეთთან, თუ რატომ არიან უცხო ქვეყნის ჯარები ყაზახეთის მიწაზე, როდესაც ყაზახეთს თავად აქვს საკუთარი სამხედრო რესურსები. ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ დააკვირდება უცხო ჯარების მოქმედებას ყაზახეთის ტერიტორიაზე და ასევე, ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპეცოპერაციის დროს 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა. გენერალურ პროკურატურამ პროტესტის ფონზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
სხვადასხვა ტელეგრამ არხით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 7 იანვარს დილიდან უმსხვილეს ქალაქ ალმათში სროლები განახლდა.
როგორც ცნობილია, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები უკვე მონაწილეობენ ოპერაციებში. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დაურენ აბაევი ამბობს, რომ ОДКБ-ს სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.
"მისია სამშვიდობოა. ОДКБ-ს სამხედროები არ მონაწილეობენ სამხედრო მოქმედებებში, არ არიან ბოევიკების ლიკვიდაციით დაკავებულნი", - თქვა აბაევმა.
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. 6 იანვარს ალმათის ცენტრში შეტაკაბები იყო. შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს.
აქტივისტები და ჟურნალისტები ყვებიან, რომ ალმათის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავები მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 18 სამართალდამცავი კი დაიღუპა. ოფიციალური უწყებები დემონსტრანტების მხრიდან დაღუპულებზე ან დაჭრილებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 5 იანვარს ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს, რომელიც შემდგომ სამართალდამცავებმა დაიბრუნეს. ნელ-ნელა კი დაიწყო ფრენები. რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშული ინტერნეტი, მაგრამ კავშირი ნაწილობრივ უკვე აღდგენილია.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.