„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ ბასილაშვილისადმი ბრალდებას გამოეხმაურა. აკა მეტრეველის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ იცოდა, თუმცა ბრალდება, რომელსაც ქვეყნის პირველ ჩოგანს უყენებენ, მისთვის მოულოდნელია.
ფედერაცია ყველა სახის დანაშაულს გმობს და იმედს იტოვებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი არ დაუდასტურდება.
„მე ნიკას ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან კარგი კომუნიკაცია მაქვს მასთან, მაგრამ ეს სამსახურეობრივია. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მე საქმის კურსში არ ვიყავი. მე ვიცოდი, რომ არსებობს რაღაცა ზოგადი პრობლემები - როდესაც ადამიანი მეუღლეს შორდება, ყველგან ასეა. ასეთი დეტალები მე ნამდვილად არ ვიცოდი.
ჯერჯერობით, აქ არაფერ სანქციებზე საუბარი არაა იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი. უნდა დადგინდეს სიმართლე და შემდეგ დრო გვანახებს“, - განუცხადა „ფორმულას“ მეტრეველმა.
ამასთან, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყენბულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეზე გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შეიკავებენ.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოგვიანებით ჩოგბურთელმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და იმედოვნებს, სასამართლო საქმეზე სამართლიან განაჩენს გამოიტანს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე პოსტი გამოაქვეყნა. ლომჯარია წერს, რომ მან უკვე დაიწყო ამ საქმის შესწავლა. სახალხო დამცველმა დაზარალებულ ქალს მხარდაჭერა გამოუცხადა.