logo
ENG



ხაზარაძე მარნეულის ინციდენტებზე: მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად

30 სექ 202001:39
3 წუთის საკითხავი
 
zvblejrn5lazkx0.jpg

პარტია ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება.

ხაზარაძის თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე.

"ძალადობა, რომელსაც ჩვენ მარნეულში ვხედავთ დაუშვებელია! განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე. მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად და ძალადობაში მონაწილე პირების დამცველად. ხელისუფლება ვერ, თუ არ ახორციელებს წესრიგის დაცვას და სიტუაციის მართვას", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დაპირისპირების და დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება. ხაზარაძე მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ სასწრაფოდ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და უმკაცრესად დასაჯონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა მარნეულში მიმდინარე დანაშაულებრივ პროცესებში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მარნეულში თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელსაც. ტელევიზიის ცნობით, მათ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. 

გარდა ამისა, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

შსს-მ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები. 

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მარნეულში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მარნეულში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. 


close დახურვა