ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ოჯახის წევრების მიერ გაგზავნილ საკვებს მიიღებს.
როგორც ადვოკატი ამბობს, ამის მიზეზი ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში არსებული მონაკვეთია, სადაც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზეა საუბარი.
გუშინ, 14 დეკემბერს ევროპალამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ოლიგარქიულ გავლენებზე, ანტიდასავლურ თავდასხმებზე, გვარამიას საქმეზე და პოლიტიზებულ სასამართლოზე. დოკუმენტში ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ.
რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ ვიდეოების გამო მას "დიდი ემოციური სტრესი აქვს" "ახლაც ცუდად გახდა და წევს. დილიდან საკვები არ მიუღია. აშკარად ეტყობა, რომ ინერვიულა და ემოციურ განცდაშია, სიცხე აქვს, წნევები კვლავ არასტაბილურად. მე ვუთხარი, რომ საჩივარი შემქონდა ამ ქმედებებთან დაკავშირებით, ის დამეთანხმა და გარდა ამისა, მან გამოაცხადა, რომ პენიტენციური სისტემის ხელში გავლილ საკვებს აღარ მიიღებს. მიიღებს იმ საკვებს, რომელსაც შეუტაენ ოჯახის წევრები. მიზეზი არის ის, რომ გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული"- ამბობს ხაჭაპურიძე.
14 დეკემებერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მათ იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კადრების გასაჯაროების შესწავლა დაიწყეს.