logo
ENG



ჰერჩინსკი: 21-ე საუკუნეში რთული გასაგებია, რატომ ვერ შეძლეს სააკაშვილის პროცესზე წარდგენა

15 დეკ 202211:19
3 წუთის საკითხავი
 
European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ "ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ცნობებით".

ელჩის თქმით, გაუგებარია, რატომ გახდა შეუძლებელი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვა. მან იმედი გამოთქვა, რომ ექსპრეზიდენტს მიეცემა შესაძლებლობა, შემდეგ სასამართლოს ონლაინ ფორმით ჩაერთოს, რათა სრულად დაიცვან მისი უფლება.

"ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ცნობებით. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ შესაბამის ორგანოებთან, აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის უფლებები სრულად იყოს დაცული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას მისცემენ შესაძლებლობას, წარადგენს სასამართლოს წინაშე. 21-ე საუკუნეში და ისეთ მოწინავე ადგილას, როგორიც თბილისია, რთულია იმის გაგება, რატომ გახდა შეუძლებელი მისთვის სასამართლოში წარდგენა. მე ვიმედოვნებ, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იქნება მისთვის, რომ ეს ონლაინ გააკეთოს, რადგან მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად იყოს დაცული. მოხარული ვარ, რომ მან გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს შიმშილობა, რადგან ეს არ შეუწყობდა ხელს მის ჯანმრთელობას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას და ველით შემდეგ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული სასამართლო გადადგამს", - თქვა ელჩმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა - მიხეილ სააკაშვილს გუშინ სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა და თქვა, რომ უწყება ამ "შესაძლებლობას" მოკლებული იყო.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში სააკაშვილის დისტანციურად ჩასართავად ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე ჩასართავად მზად იყო.

გარდა ამისა, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელაკადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.

გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.


close დახურვა